საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი და ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსი იერონიმუს მეორე შეთანხმდნენ, რომ მღვდლებს და ეპისკოპოსებს აღარ ექნებათ სახელმწიფო მოხელის სტატუსი შესაბამისი სახელფასო ანაზღაურებით. BBC-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია საბერძნეთში სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნისკენ. გარდა ამისა, ეკონომიკურ კრიზისში მყოფი საბერძნეთის მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნით უკვე რამდენიმე წელია ცდილობს შეამციროს სახელმწიფო სტრუქტურების ხარჯი.
საბერძნეთის მთავრობის და ეკლესიის შეთანხმებით, სასულიერო პირებისთვის სახელმწიფო მოხელის სტატუსის გაუქმების შემდეგ, სახელმწიფო ყოველწლიურად გამოჰყოფს 200 მილიონი ევროს სუბსიდიას, რომელსაც ეკლესია დახარჯავს სამღვდელოების ხელფასისთვის. ეს თანხა უცვლელი იქნება მიუხედავად იმისა შემცირდება, თუ გაიზრდება სასულიერო პირების რაოდენობა. თავის მხრივ, ელადის ეკლესიას ერთპიროვნული პრეტენზია აღარ ექნება უძრავ ქონებაზე, რომლის გამოც სახელმწიფოსთან დავა მიმდინარეობს 1952 წლიდან. შეთანხმების თანახმად, საბერძნეთის მთავრობა და ეკლესია შექმნიან ერთობლივ ფონდს და მას სამართავად გადაეცემა ქონება, რომელზეც პრეტენზია აქვთ როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიას. შემოსავალი და ხარჯი თანაბრად განაწილდება.
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მართლმადიდებლობის, როგორც უპირატესი რელიგიის სტატუსი კონსტიტუციითაა გარანტირებული.