არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) შეფასებით, მკვეთრად არის გაუარესებული საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის სტანდარტი. ორგანიზაციამ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისას დაფიქსირებული დარღვევების გამო სულ 127 საჩივარი წარადგინა. 15 საჩივარი დაკმაყოფილდა, 13 ნაწილობრივ, 40 არ დაკმაყოფილდა და 18 საჩივარი კომისიებმა განუხილველად დატოვეს.
ორგანიზაციის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაჟინებული მცდელობა, არ დააკმაყოფილოს საჩივრები და კანონმდებლობის დამრღვევ კომისიის წევრებს არ დააკისროს პასუხისმგებლობა, სრულად უკარგავს აზრს საჩივრების წარდგენას და არჩევნების შემდგომ საჩივრების განხილვის პროცესს.
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაწერილი საჩივრების უმეტესობაში დაყენებული იყო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო. რამდენიმე შემთხვევაში მოთხოვნილი იქნა კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა და შედეგების ბათილობა, საიდანაც არც ერთი არ დაკმაყოფილდა.
როგორც ორგანიზაცია მიუთითებს, საპრეზიდენტო არჩევნებისას გამოვლენილი პრობლემები ანალოგიურია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებული პრობლემებისა: უმთავრესად საჩივრები არ დაკმაყოფილდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებების საფუძველზე, რასაც საოლქო კომისიები უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნევდნენ განურჩევლად დარღვევის სიმძიმისა და იმისა, რომ ეს ახსნა-განმარტებები უმეტესად კენჭისყრის დღის შემდეგ იწერებოდა.
გასულ არჩევნებზე დამკვიდრებული პრაქტიკის მსგავსად, საოლქო კომისიები ახსნა-განმარტებას და შესწორების ოქმებს მიიჩნევდნენ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლად და დარღვევის აღმოფხვრად. მაგალითად, ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა ზედმეტი ბიულეტენის გაცემა, სხვის გრაფაში ხელის მოწერა ან ხელმოწერის გამოტოვება, შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შევსება, კონვერტის გარეშე ბიულეტენის ყუთში მოთავსება, სხვ.
საუბნო კომისიის წევრების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზნით საოლქო კომისიები სტანდარტულად იყენებდნენ ისეთ არგუმენტს, რომ დარღვევა არ წარმოადგენს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და ამომრჩეველთა ნების გამოვლენაზე და კენჭისყრის შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია; არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რომელსაც შეიძლება რაიმე გავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესზე; ადგილი ჰქონდა მექანიკურ შეცდომას, რაც არ წარმოადგენს დისციპლინარული პასუხისმგებლობის საფუძველს.
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, მეორე ტურის კენჭისყრის დღეს და მის შემდეგ წარდგენილი საჩივრების განხილვისას გაითვალისწინოს გამოვლენილი პრობლემები, მოახდინოს საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ დარღვევებზე ეფექტური რეაგირება და არ წაახალისოს საარჩევნო დარღვევები საარჩევნო კომისიის წევრთათვის პასუხისმგებლობის არიდებით.