Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიელი ოფიცერი რუსეთის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი


ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი და თავდაცვის მინისტრი მარიო კუნასეკი
ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი და თავდაცვის მინისტრი მარიო კუნასეკი

ავსტრიის მთავრობამ დაადასტურა პრესით გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი ავსტრიის არმიის ყოფილი ოფიცერი. ის დაკავებულია და დაკითხვაზე იმყოფება. ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა ვენაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინციდენტის გამო ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩი, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისელმა კი გადადო დეკემბერში, მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი. კურცის ინფორმაციით, 70 წლის ავსტრიელი ოფიცრის სავარაუდო ჯაშუშური საქმიანობის შესახებ ვენას აცნობა მეგობარი ევროპული ქვეყნის სპეცსამსახურმა. კანცლერის განცხადებით, დადასტურების შემთხვევაში, მსგავსი ფაქტები ვერ გააუმჯობესებს ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობებს. ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა ავსტრია რუსი დიპლომატების გაძევებას, კურცმა უპასუხა, რომ შემდგომ ნაბიჯებს ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილავენ. რუსული შპიონაჟი მიუღებელი და დასაგმობია - განაცხადა კანცლერმა კურცმა.

ავსტრიული გაზეთის Die Presse-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა დანაშაული უკვე აღიარა. გამოცემის ცნობითვე, ავსტრიელი ოფიცერი რუსეთის მიერ იყო აღჭურვილი ინფორმაციის გადასაცემად საჭირო ტექნიკური საშუალებებით. ავსტრიის არმიაში ვარაუდობენ, რომ ოფიცერი რუსეთს გადასცემდა მხოლოდ ზოგად მონაცემებს, რადგან წვდომა არ ჰქონდა მკაცრად გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე. ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა მარიო კუნასეკმა დღეს განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ეჭვმიტანილის კომპიუტერსა და სხვა ტექნიკურ საშუალებებში დაცული ინფორმაციის კვლევა.

ავსტრიული მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ზალცბურგელი ოფიცერი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურზე, ორ კვირაში ერთხელ ეკონტაქტებოდა რუს კურატორს „იურის“ და გადასცემდა ინფორმაციას ავსტრიის სამხედრო-საჰაერო ძალების, საარტილერიო სისტემების და სამხედროების თათბირების, ბოლო დროს კი მიგრანტების შესახებაც. პრესის ცნობითვე, ავსტრიელ ოფიცერს რუსეთისგან გასამრჯელოდ მიღებული აქვს საერთო ჯამში 300 ათასი ევრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG