პროკურატურის ცნობით, 2018 წლის 4 ივლისს დუშეთის რაიონში, ხადის ხეობაში ტურისტული მიზნით მყოფი რაიან მაიკლ სმიტის, ლორა ჯოი სმითის და მათი 4 წლის შვილის, ქელებ ისმატ სმითის მკვლელობის საქმეზე, ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმდა. ბრალის დამძიმების საფუძვლად მთავარი პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ასახელებს: „გამოძიების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ, მალხაზ კობაურს ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმითის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა“.
დღემდე, მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან მაიკლ სმითისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ქელებ ისმატ სმითის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში. პროკურატურის მიერ ბრალის დამძიმების შესაბამისად, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმითის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.