საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ პარლამენტის ტერიტორიაზე შეკრების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, მათ ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტებით არ შეუშალონ ხელი.
„ზაზა სარალიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 1 ნოემბერს წერილით მიმართა და აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელება და კარვების განთავსება მოითხოვა. მერიიდან მიღებული პასუხის შესაბამისად, ზაზა სარალიძეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე მითითებით ეთხოვა, მიმდინარე წლის 7 დეკემბრიდან შეცვალოს საპროტესტო აქციის ჩატარების დრო და ადგილი, რათა შეუფერხებლად გაიმართოს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია პარლამენტის შენობის წინ.
გასათვალისწინებელია, რომ აქციის ორგანიზატორი ვალდებულია მერია წინასწარ გააფრთხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე იმართება ან აფერხებს ტრანსპორტის მოძრაობას. ასეთი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს შეკრების ადგილისა და დროის შეცვლის შესახებ რეკომენდაციის გაცემის უფლებამოსილება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ შეკრება რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, ან იმავე დროს და იმავე ადგილას სხვა აქცია არის დაგეგემილი (რომელზეც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში). ამდენად, თბილისის მერიის მიერ მითითებული საფუძვლით, შეკრების თავისუფლებაში ჩარევას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.“-აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს აქციისთვის სხვა ადგილის შერჩევა ურჩია. საპროტესტო აქციებს პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამები 10 სექტემბრიდან მართავენ.