Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულელ მამაკაცს მეუღლის წამებისთვის 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა


ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებული წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებული გ. გ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, მარნეულის რაიონში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ. გ.-მ იმის გამო, რომ მეუღლემ, ლ. ბ.-მ დროულად არ მიუტანა საჭმელი, სცემა მას, ხოლო როდესაც დაზარალებული წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, იგი იატაკზე წააქცია და ხელ-ფეხი პლასტმასის ე.წ. „ხამუთებით“ შეუბოჭა, რა დროსაც ლ. ბ.-ს წინააღმდეგობის დასაძლევად ფეხში დანა ჩაარტყა. ლ. ბ. შებოჭილ მდგომარეობაში დაახლოებით ოთხი საათი იმყოფებოდა და ამ დროის განმავლობაში, გ. გ. მას ფიზიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის მისაყენებლად ფეხებით და ხელებით სცემდა.

სამართალდამცველებმა გ. გ. 2018 წლის 17 თებერვალს დააკავეს. მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) და 111, 1441 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება). გ. გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

XS
SM
MD
LG