Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენშტაბის უფროსი გმობს შეიარაღებული ძალების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის


„ნებისმიერი მცდელობა - ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში, არის სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“, - წერია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.

„კამპანიაში ჩართულ ადამიანებს, ყოფილ სამხედროებს მინდა, მივმართო და მოვუწოდო, რომ შეიარაღებული ძალების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ეწინააღმდეგება შეიარაღებული ძალების და მთლიანად ქვეყნის ინტერესებს. ნებისმიერი მცდელობა - ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში, არის სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. შეიარაღებული ძალები, მის თითოეულ ჯარისკაცთან ერთად კვლავ გააგრძელებს მიუკერძოებლად ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას”, - აცხადებს ვლადიმერ ჩაჩიბაია.

გენერალური შტაბის უფროსი საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელით ეხმაურება მედიასაშუალებებში ყოფილი სამხედროების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნავს, რომ „საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა.“

„ეს ამოცანა გვავალდებულებს ვიყოთ ერთიანი, კონსოლიდირებული და მზად გამოწვევების გასამკლავებლად. შესაბამისად, ქართული ჯარი ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისგან განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა“, - წერია ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიერ შეიარაღებული ძალების სახელით გავრცელებულ განცხადებაში. ტექსტში აღნიშნულია, რომ დემოკრატიული პროცესის შესაბამისად, საქართველოს ყველა მოქალაქეს და მათ შორის - შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ საპრეზიდენტო არჩევნებში და ამ გზით გამოხატონ თავიანთი პოზიცია.

ბოლო დღეებში მედიაში გავრცელდა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ისინი კატეგორიულად გმობენ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პოზიციას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით და დაუშვებლად მიიჩნევენ მის გაპრეზიდენტებას.

გენერალ-მაიორ ჩაჩიბაიას განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, 8 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა მოსახლეობისადმი გენერალ დევი ჭანკოტაძის მიმართვას, რომელიც - სამინისტროს შეფასებით - „მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ და „დამაზიანებელია“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის. სამინისტროს განცხადებაში არაფერია ნათქვამი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადების შინაარსზე. მანამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა დევი ჭანკოტაძემ გააკეთა ვიდეომიმართვა, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია, რომ საქართველოს ჯარს 2008 წელს არ დაუბომბავს მძინარე ცხინვალი, საქართველოს ჯარი საკუთარ სამშობლოს იცავდა.

„რამდენიმე კვირაში საქართველო აირჩევს საქართველოს ახალ პრეზიდენტს, ახალ სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, რომელიც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში; ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვის ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენი ბიჭები გაასამართლოს, ჩვენი გმირები, ჩვენი ოფიცრები და ჯარისკაცები გაასამართლოს“, - აცხადებს გენერალი დევი ჭანკოტაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 8 ნოემბერს გაკეთებულ მიმართვაში.

XS
SM
MD
LG