აშშ-ში მოპოვებული ნავთობი ერთ დღეში დაახლოებით 7%-ით გაიაფდა. 13 ნოემბერს, კონტინენტთაშორის ბირჟაზე ვაჭრობის დასრულებისას WTI-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასმა შეადგინა 55 დოლარი და 69 ცენტი, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასია. Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 65 დოლარი და 47 ცენტი გახდა, რაც ყველაზე დაბალია 2018 წლის მარტის შემდეგ. ბირჟის ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის გაიაფებას ხელი შეწუყო პრეზიდენტ ტრამპის მიერ 12 ნოემბერს გამოქვეყნებულმა განცხადებამ, რომ არსებული ფასები გადამეტებულია.
დაახლოებით თვენახევრის წინ ბარელი ნავთობი 76 დოლარამდე გაძვირდა, რასაც ხელი შეუწყო აშშ-ის მიერ ირანისთვის სანქციების დაწესებამ. თუმცა გაირკვა, რომ ირანული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვით გამოწვეული დანაკარგი მთლიანად შეივსებოდა საუდის არაბეთში, რუსეთსა და აშშ-ში ნავთობის მოპოვების გაზრდით. ოფიციალური მონაცემებით, სექტემბერში აშშ გახდა ნავთობის მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყანა მას შემდეგ, რაც ერთ წელიწადში მოპოვება 20%-ით გაზარდა.
ნავთობმა გაიაფება დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო. საპასუხოდ, საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ყოველდღიურად ექსპორტს შეამცირებს 500 000 ბარელით. 12 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთს და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის სხვა წევრებს მოუწოდა, არ შეამცირონ ნედლეულის მოპოვება, რადგან დღევანდელი მოთხოვნის გათვალისწინებით ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად ნაკლები უნდა იყოს. 13 ნოემბერს, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის თანახმად, ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდა იკლებს.