მაკედონიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კორუფციაში ბრალდებულმა ნიკოლა გრუევსკიმ უნგრეთს პოლიტიკური თავშესაფარი თხოვა. წელს მაისში, მაკედონიის სასამართლომ გრუევსკი დამნაშავედ ცნო ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების ავტომანქანის შეძენისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. გასულ კვირაში არ დაკმაყოფილდა ნიკოლა გრუევსკის ბოლო სააპელაციო საჩივარი, რის შემდეგაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი უნდა დაეპატიმრებინათ. თუმცა, სამართალდამცავებმა მის ადგილსამყოფელს ვერ მიაკვლიეს და ძებნილად გამოაცხადეს. 13 ნოემბერს, გრუევსკიმ ფეისბუქზე დაწერა, რომ ბუდაპეშტში იმყოფება და უნგრეთის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარი თხოვა. მაკედონიის ხელისუფლების განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა, ამიტომ ქვეყნის ტერიტორიას ლეგალურად ვერ დატოვებდა. მაკედონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გაცემულია გრუევსკის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი. მაკედონიის იუსტიციის სამინისტრო აპირებს უნგრეთს მოთხოვოს ექს-პრემიერის ექსტრადიცია. კონსერვატორი ნიკოლა გრუევსკი მაკედონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა 2006-2016 წლებში.
მაკედონიის ხელისუფლება ქვეყნიდან გაქცეული ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავებას შეეცდება

ყველაზე პოპულარული
1