Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები ცესკოს ურჩევენ არჩევნები უქმე დღეს დაინიშნოს


სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის თარიღად 1 დეკემბრის, შაბათის დანიშვნა საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების დაცვის წინაპირობაა როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია 14 ნოემბრის სხდომის შემდეგ, დღის წესრიგის თანახმად, შედეგების შეჯამებასთან ერთად მეორე ტურის კენჭისყრის თარიღსაც დანიშნავს, რაც არასამთავრობოების განცხადებით, იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღედ ოთხშაბათი, 28 ნოემბერი განისაზღვრება - საქართველოს საარჩევნო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, ცესკო არჩევნების შედეგებს აჯამებს და შემაჯამებელ ოქმს ადგენს კენჭისყრის გამართვიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა, რაც დღევანდელი მოცემულობით 17 ნოემბერს, შაბათს წარმოადგენს. თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს კანონისმიერი შესაძლებლობა არჩევნები შეაჯამოს შაბათს, 17 ნოემბერს და აქედან გამომდინარე კენჭისყრის თარიღი დანიშნოს არასამუშაო დღეს.

„საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება, თუმცა არჩევნების სამუშაო დღეს გამართვა სერიოზულ პრობლემას უქმნის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. მათთვის განსაკუთრებულად რთულდება საარჩევნო უფლების რეალიზება იმ ვითარებაში, როდესაც არჩევნები სამუშაო დღეს ტარდება, რადგან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საზღვარგარეთ უქმე დღე არ იქნება“, - ვკითხულობთ არასამთავრობოების განცხადებაში.

მათი შეფასებით, სამუშაო კვირის შუა პერიოდში არჩევნების გამართვა დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებსაც, რადგან ამომრჩეველს საკუთარი რეგისტრაციის ადგილზე მისასვლელად ხშირად ერთი ქალაქიდან მეორეში ჩასვლა უწევს. ამისთვის კი ერთი სამუშაო დღის უქმედ გამოცხადება საკმარისი არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG