დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების პროექტი. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა პრემიერ-მინიტრმა ტერეზა მეიმ. საგანგებო სხდომა ხუთ საათს გაგრძელდა.
მეის თქმით, სხდომაზე მიღწეული შეთანხმება საუკეთესოდ უპასუხებს გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ ინტერესებს.
ხუთშაბათს, 15 ნოემბერს, დიდი ბრიტანეთის მთავრობის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა პარლამენტში.
ბი-ბი-სი-ს ინფორმაციით, რადიკალური ბრექსიტის მომხრეებმა შეიძლება კონსერვატიულ პარტიას მიმართონ პრემიერ-მინისტრისადმი უნდობლობის ვოტუმის ინიციატივით.
როგორც იტყობინებიან, ლონდონმა და ბრიუსელმა შეათანხმეს ხელშეკრულებები, რომლებიც საშუალებას იძლევა, თავიდან იქნეს აცილებული „მყარი საზღვრები“ ევროპის კავშირის წევრ ირლანდიასა და დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში შემავალ ჩრდილოეთ ირლანდიას შორის. ორივე მხარეს სურს, საზღვარი გამჭვირვალე იყოს მოქალაქეთა და საქონლის მოძრაობისთვის. მაგრამ ლონდონს არ სურს იმს დაშვება, რომ საბაჟო პირობები განსხვავებული იყოს ჩრდილოეთ ირლანდიის რეგიონსა და ბრიტანეთის დანარჩენ ტერიტორიებს შორის.
14 ნოემბერი უკანასკნელი დღე იყო, როცა დიდი ბრიტანეთის მთავრობას უნდა დაემტკიცებინა ევროკავშირიდან გასვლის პირობები. თუკი მხარეები მოახერხებენ საბოლოო შეთანხმების მიღწევას, ის ევროპარლამენტმა და ბრიტანელმა კანონმდებლებმა უნდა დაამტკიცონ. ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის საბოლოო გასვლა 2019 წლის 29 მარტისთვისაა დაგეგმილი.