Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა დიდი ბრიტანეთის მინისტრი ბრექსიტის საკითხებში


დომინიკ რააბი.
დომინიკ რააბი.

გადადგა დიდი ბრიტანეთის მინისტრი ბრექსიტის საკითხებში, დომინიკ რააბი. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ვერ დაუჭერს მხარს პირობებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ წამოაყენა ევროკავშირთან შეთანხმების მისაღწევად. მანამდე ამავე მიზეზით გადადგა პოსტიდან ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხების მინისტრი შეილეშ ვარა. ოთხშაბათს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მოიწონა ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე შეთანხმების პროექტი. სხდომა, რომელზეც განიხილებოდა დოკუმენტი, ხუთ საათს გაგრძელდა. სხდომის შემდეგ ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მან მოახერხა კაბინეტის მხარდაჭერის მოპოვება. 500-გვერდიანი გეგმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ბი-ბი-სი-ს ინფორმაციით, რადიკალური ბრექსიტის მომხრეებმა შეიძლება კონსერვატიულ პარტიას მიმართონ პრემიერ-მინისტრისადმი უნდობლობის ვოტუმის ინიციატივით.

როგორც იტყობინებიან, ლონდონმა და ბრიუსელმა შეათანხმეს ხელშეკრულებები, რომლებიც საშუალებას იძლევა, თავიდან იქნეს აცილებული „მყარი საზღვრები“ ევროპის კავშირის წევრ ირლანდიასა და დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში შემავალ ჩრდილოეთ ირლანდიას შორის. ორივე მხარეს სურს, საზღვარი გამჭვირვალე იყოს მოქალაქეთა და საქონლის მოძრაობისთვის. მაგრამ ლონდონს არ სურს იმის დაშვება, რომ საბაჟო პირობები განსხვავებული იყოს ჩრდილოეთ ირლანდიის რეგიონსა და ბრიტანეთის დანარჩენ ტერიტორიებს შორის.

შეთანხმების თანახმად, დიდი ბრიტანეთი ჯერჯერობით დარჩება ევროპის საბაჟო კავშირში და ვაჭრობაში დაიცავს ევროკავშირის წესებს. ბრექსიტის მომხრეები თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდნენ ამ გეგმას. დიდ ბრიტანეთსა და ევროპის კავშირს შორის შეთანხმების საბოლოო ტექსტი შეთანხმდება 25 ნოემბრის სამიტზე.

14 ნოემბერი უკანასკნელი დღე იყო, როცა დიდი ბრიტანეთის მთავრობას უნდა დაემტკიცებინა ევროკავშირიდან გასვლის პირობები. თუკი მხარეები მოახერხებენ საბოლოო შეთანხმების მიღწევას, ის ევროპარლამენტმა და ბრიტანელმა კანონმდებლებმა უნდა დაამტკიცონ. ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის საბოლოო გასვლა 2019 წლის 29 მარტისთვისაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG