Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი: ევროსაბჭოს ანგარიშში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც შევიდა


დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კიდევ ერთ დასტურად შეაფასა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ და ამ ანგარიშის თაობაზე ევროკავშირის განცხადება. ზალკალიანის შეფასებით, გენერალური მდივნის ყოვლისმომცველ, კონსოლიდირებულ ანგარიშში ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ. „საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს წვდომა, თუმცა გააჩნია სრული ინფორმაცია იქ მიმდინარე პროცესებზე. პირველად სახეზე გვაქვს ფაქტი, რომ როგორც კონსოლიდირებულ ანგარიშში, ისე ევროკავშირის განცხადებაში საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე. ეს არის დასტური, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ევროპის საბჭოსთვის მიუღებელია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და ოთხოზორიას და ტატუნაშვილის სისასტიკით განხორციელებული მკვლელობები“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია რომ კონსოლიდირებულ ანგარიშში დადებითადაა შეფასებული საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა. ზალკალიანის განცხადებით, „მიუხედავად უამრავი მცდელობისა, რომ საქართველო იყოს გამოწვეული პროვოკაციებში, ხელისუფლებისა და მთავრობის ურყევი პოზიციაა, რომ საპასუხოდ გაგრძელდეს სამშვიდობო ინიციატივები." საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია რომ ანგარიშში, ისევე როგორც ევროკავშირის განცხადებაში, დაგმობილია საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი. მათ შორის ევროკავშირის განცხადებაში საუბარია ქარელის რაიონის სოფელ ატოცში მავთულხლართების დამონტაჟების უკანონო პროცესზე.
„საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კატეგორიულად მიუღებელია მავთულხლართების განახლებული მონტაჟის პროცესი. მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები“ - განაცხადა ზალკალიანმა.

14 ნოემბერს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1329-ე სხდომაზე განიხილეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-18 კონსოლიდირებული ანგარიში: "კონფლიქტი საქართველოში." დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2018 წლის მარტიდან 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით. ანგარიშის შესახებ ევროკავშირის სახელითაც გაკეთდა განცხადება, რომელშიც დაგმობილია საოკუპაციო ხაზთან ახალი ხელოვნური ბარიერების აღმართვა და ხაზგასმულია არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების გამოძიებისა და სამართლის აღსრულების მნიშვნელობა.

XS
SM
MD
LG