„საქართველოს ხელისუფლებამ და მინისტრმა წულუკიანმა კერძო პირებად გამოაცხადეს 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები”, - ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც შეშფოთებას გამოთქვა იმის გამო, რომ ქართველ სამხედრო ვეტერანებს მოუწევთ ინდივიდუალურად დაიცვან თავი მათ წინააღმდეგ ოკუპანტი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთითხნილი ყალბი ბრალდებებისგან.
„თუ ამ საქმის განხილვისას ამჟამინდელი ხელისუფლება იქნება, მოხდება ჩვენი ჯარისკაცების საქმეების განზოგადება საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და დავდგებით უმძიმესი საფრთხის წინაშე. „ოცნებამ“ და მინისტრმა წულუკიანმა შეძლეს წარმოუდგენელი: წინა ხელისუფლების დროს ოკუპანტი ქვეყნის პასუხისმგებლობის თემა შემოატრიალეს აგრესიის მსხვერპლ, საქართველოს საწინააღმდეგოდ იმისთვის, რომ თავისი ვიწროპარტიული ინტერესები დაიცვან და იმისთვის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეუქმნან პრობლემები. მინისტრ წულუკიანის განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, სასწრაფოდ არის გასაკეთებელი ორი რამ: მინისტრი წულუკიანი და მინისტრი ზალკალიანი უნდა გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი მოხდა მათი პროფესიონალური გამოუსადეგრობის გამო თუ გამიზნულად. სასწრაფოდ საჭიროა მათ თანამდებობებზე დაინიშნონ პროფესიონალი და ქვეყნის ინტერესების დამცველი ადამიანები“, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.