აშშ-მა ეკონომიკური სანქციები დაუწესა საუდის არაბეთის 17 მოქალაქეს, რომლებიც კავშირში არიან ოპოზიციონერი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან. მათ შორის ტახტის მემკვიდრის, მუჰამად ბინ სალმანის მაღალი რანგის მრჩევლებიც არიან. სანქციების შესახებ გამოცხადდა მას მერე, რაც საუდის არაბეთის პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომ ხუთ ოფიციალურ პირს შეიძლება სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ მკვლელობის გამო. ხაშოგი, 59 წლის ჟურნალისტი, აშშ-ში ცხოვრობდა და პრინც მუჰამადის მთავარი კრიტიკოსი იყო. ის 2 ოქტომბერს მივიდა სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოში. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხაშოგი მისვლისთანავე დაახრჩვეს და მისი გვამი დაანაწევრეს, და რომ ეს იყო წინასწარ განზრახული მკვლელობა შენობაში შესვლისთანავე. „საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებს სანქციებს ვუწესებთ, რადგან ისინი ჩართული იყვნენ ხაშოგის საზარელ მკვლელობაში. ამ პირების მიმართ, რომლებმაც მიზანში ამოიღეს და სასტიკად მოკლეს აშშ მცხოვრები და მომუშავე ჟურნალისტი, მათი ქმედებისთვის ზომების მიღებაა საჭირო“, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა 15 ნოემბერს. 17 პირს შორის არიან პრინცის ახლო მრჩევლები და ასევე მუჰამად ალოთაიბი, მკვლელობის დროს სტამბოლში გენერალური კონსული. აშშ-ის ფინანსთან სამინისტროს თანახმად, საუდ ყათანი, პრინც მოჰამადის დიდი ხნის მარჯვენა ხელი, მკვლელობის დაგეგმვის მონაწილე და აღმასრულებელი იყო. ცალკე განცხადებაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სანქციების თანახმად, ყველა ამ პირს გაეყინება აქტივები, რომლებიც აშშ-ის იურისდიქციაშია და აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ მათთან ტრანსაქციებში ჩაბმა.
აშშ-მა ეკონომიკური სანქციები დაუწესა საუდის არაბეთის 17 მოქალაქეს ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან კავშირის გამო
ყველაზე პოპულარული
1