პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სწავლობს აშშ-დან თურქი საზოგადო მოღვაწის ფეტულა გიულენის გაძევების შესაძლებლობას - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება ტელეკომპანია NBC. მისი წყაროების ინფორმაციით, საკითხი განიხილება სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო თურქეთის პრეზიდენტის უკიდურესად მკვეთრი რეაქციის შესარბილებლად. ერდოანი ხაშოგის მკვლელობაში საჯაროდ ადანაშაულებს საუდის არაბეთის ხელისუფლებას, რომელიც ვაშინგტონის აქტიური მოკავშირეა. თურქეთიდან დევნილი ფეტულა გიულენი, რომელიც წლებია აშშ-ში ცხოვრობს, ანკარის მიერ ბრალდებულია 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში. ოთხ წყაროზე დაყრდნობით NBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ფედერალურ სამართალდამცავ სტრუქტურებს თხოვეს, შეისწავლონ აშშ-ში ფეტულა გიულენის ყოფნის და თურქეთისთვის მისი შესაძლო გადაცემის კანონიერების საკითხები. ტელეკომპანიის წყაროების ცნობით, განიხილება გიულენის გაძევება მესამე ქვეყანაშიც, კერძოდ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება განაგძობს გიულენის საქმეზე თურქეთიდან მიღებული მასალების შესწავლას, თუმცა, ეს იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივაა და თეთრი სახლი საკითხის განხილვაში არ ერევა
სააგენტო Reuters-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ NBC-ის ჟურნალისტებმა არცთუ ზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რაში გამოიხატა უზუსტობა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ თეთრი სახლი არ მონაწილეობს არანაირ განხილვაში, რომელიც ეხება გიულენის შესაძლო ექსტრადიციის კავშირს ხაშოგის მკვლელობასთან.
ფეტულა გიულენის პრესმდივანმა Reuters-ს უთხრა, რომ არაფერი იცის აშშ-ის ფედერალური უწყებებისადმი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართვის შესახებ. ამავე სააგენტოს თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნას არანაირი კავშირი არ აქვს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიებასთან.
ფეტულა გიულენმა, რომელიც პროგრესული ისლამის იდეებს ქადაგებს, თურქეთი 90-იანი წლების ბოლოს დატოვა და ამჟამად პენსილვანიაში ცხოვრობს. გიულენი კატეგორიულად უარყოფს ანკარის ბრალდებას სამხედრო გადატრიალების ორგანიზების შესახებ და პრეზიდენტ ერდოანს პირად შურისძიებაში ადანაშაულებს. გიულენის მიერ დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობა „ჰიზმეთი“ ახორციელებს პროექტებს განათლების, ჯანდაცვის და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა დიალოგის ხელშესაწყობად. ერდოანის ხელისუფლება ამ საზოგადოებრივ მოძრაობას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. თურქეთი აშშ-ისგან ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს გიულენის ექსტრადიციას.