გერმანია უკრაინას მოუწოდებს გააუქმოს კამათის საგნად ქცეული ვებსაიტი, რომელიც შეიცავს "სახელმწიფოს მტრებად" მიჩნეული პირების სიას, მას შემდეგ, რაც სიაში გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრიოდერი მოხვდა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "მკაცრად გმობს ამ სიას", რომელიც ქვეყნდება "მიროტვორეცის" სახელით რეგისტრირებულ საიტზე. ამ საიტს ამუშავებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის ნაცნობი პირი. "უკრაინას ჩვენი პოზიცია წარსულშიც ვაცნობეთ და მოვითხოვეთ უკრაინის მთავრობამ წაშალოს ეს ვებსაიტი. ამას ახლა კიდევ გავაკეთებთ" - განაცხადა პრესმდივანმა 14 ნოემბერს. შრიოდერს "ანტი-უკრაინელს" უწოდებენ იმისთვის, რომ მან გერმანიის პრესაში დაიცვა რუსეთის მიერ 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება. მიუხედავად იმისა, რომ ანექსირება უკანონო იყო, შრიოდერმა იკითხა: "მართლაც გჯერათ, რომ რუსეთის რომელიმე პრეზიდენტი ამას შეცვლის? ესაა რეალობა და ერთ დღეს მას უნდა შევურიგდეთ". შრიოდერმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირადი მეგობარია, ასევე თქვა, რომ ყირიმი იყო საჩუქარი, რომელიც უკრაინას გაუკეთა საბჭოეთის ლიდერმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა 1954 წელს. ხრუშჩოვი "ფიქრობდა, რომ საბჭოთა კომუნიზმი იმდენ ხანს იცოცხლებდა, რამდენსაც კათოლიკე ეკლესია. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა" - განაცხადა შრიოდერმა ინტერვიუში.
სიაში შრიოდერის მოხვედრის შემდეგ, გერმანია უკრაინას მოუწოდებს გააუქმოს "სახელმწიფოს მტრების" ვებსაიტი

ყველაზე პოპულარული
1