„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 18 ნოემბერს გამართავს აქციას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს ეძღვნება. აქცია დაიგეგმა ხუდადოვის ქუჩაზე, სწორედ იმ ერთ-ერთ „შავ მონაკვეთზე“, სადაც ხშირად იმართება ე.წ. არალეგალური რბოლები.
ეს აქცია ავტოავარიებში დაღუპულთა ხსოვნის მსოფლიო დღეს ეხმაურება, რომელიც 2005 წლიდან წლიდან აღინიშნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გაერო-ს (UN) მიერ. წელს ამ დღის მთავარი გზავნილია „გზებს აქვთ ისტორიები“. ამ ამბების ნაწილი კი ხშირად ტრაგიკულად სრულდება.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და მათ შესამცირებლად საჭიროა უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო ტრანსპორტი, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება.
როგორც „საქართველოს ალიანსში უსაფრთხო გზებისთვის“ აცხადებენ, ხუდადოვის ქუჩის ეს კონკრეტული მონაკვეთი საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის წარმოადგენს მაღალი რისკის ზონას, ამიტომ საჭიროა პრევენციული ზომების გატარება უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით.
გაეროს ექსპერტი საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ აუცილებელია „გზის ფუნქციის შესაბამისი სიჩქარის ლიმიტის დაწესება და ურბანულ ზონებში სიჩქარის კონტროლის გაუმჯობესება უსაფრთხო ინფრასტრუქტურის დაგეგმარებით, როცა პრიორიტეტი იქნება ქვეითთა უსაფრთხოების უზურნველყოფა“.
„საქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, საქართველოში წელიწადში, გზებზე 550-ზე მეტი ადამიანი იღუპება, ავტოავარიებში დაშავებულთა რაოდენობა კი 9 000-ზე მეტია.