Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი და ერაყი აცხადებენ, რომ მნიშვნელოვნად გაზრდიან ვაჭრობის მოცულობას


ირანი და ერაყი აცხადებენ, რომ მნიშვნელოვნად გაზრდიან ვაჭრობის მოცულობას, მიუხედავად აშშ-ის მხრიდან თეირანისთვის აღდგენილი მკაცრი ეკონომიკური სანქციებისა. ამ სანქციების რეჟიმის პირობებში, ქვეყნები, რომლებიც ირანთან ბიზნეს ურთიერთობაში შედიან აშშ-ის მხრიდან დაშვებული გამონაკლისის გარეშე, მიდიან მნიშვნელოვანი ჯარიმების დაკისრების რისკზე. ამ საფრთხის გამო ირანთან ბევრმა სავაჭრო პარტნიორმა გაწყვიტა კავშირი. მაგრამ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ თქვა, რომ ერაყთან ყოველწლიური ვაჭრობის მოცულობა შესაძლოა ამჟამინდელი 12 მილიარდი დოლარიდან გაიზარდოს 20 მილიარდამდე. როჰანი ამ განცხადებით გამოვიდა 17 ნოემბერს, თეირანში, ერაყის პრეზიდენტთან, ბარჰამ სალიჰთან შეხვედრის შემდეგ - დაახლოებით ორ კვირაში მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ახალი სანქციები დაუწესა ირანის სანავთობო, საბანკო და სატრანსპორტო სექტორებს. ირანი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ერაყზე მას შემდეგ, რაც 2003 წელს აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებულ შეჭრას მოჰყვა სადამ ჰუსეინის დამხობა. თეირანი იმედოვნებს, რომ სანქციების მიუხედავად შეინარჩუნებს ექსპორტს თავის მეზობელ ქვეყანაში. ერაყი ირანისთვის სიდიდით მეორე ბაზარს წარმოადგენს ჩინეთის შემდეგ, ის შეისყიდის მრავალ საქონელს, მათ შორის საკვებს, ტექნიკას, ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს.

XS
SM
MD
LG