Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

APEC-ს ლიდერები აღიარებენ "მზარდ დაძაბულობას", ვერ შეთანხმდნენ სამიტის განცხადებაზე


აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის, იგივე APEC-ის ქვეყნების ლიდერებმა, რომლებმაც ამ შაბათ-კვირას პაპუა-ახალ გვინეაში გამართეს სამიტი, ვერ შეძლეს შეთანხმება საბოლოო განცხადებაზე. სამიტის მთავარი თემა იყო სავაჭრო უთანხმოება აშშ-სა და ჩინეთს შორის. კონფლიქტის შესახებ გამოაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ - მისი თქმით, სავაჭრო პოლიტიკის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობის გამო APEC-ის 21 ქვეყანა ვერ შეთანხმდა საერთო განცხადებაზე. პაპუა-ახალი გვინეის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ ო'ნილმა სამიტის ბოლოს თქვა, ლიდერებმა "ნაყოფიერი დისკუსიები გამართეს და გულწრფელი მოსაზრებები გაუცვალეს ერთმანეთს" და თან აღიარეს, რომ მსოფლიოს გარშემო სავაჭრო პარტნიორებს შორის დაძაბულობა მზარდიაო. როგორც ო'ნილმა ჟურნალისტებს უთხრა, ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა "მთელ მსოფლიოში იწვევს შეშფოთებას". ასოშიეიტედ პრესის ცნობით, სამიტის განცხადების აშშ-ის მიერ შემუშავებული ვერსია, რომელიც უარყოფილ იქნა, შეიცავდა ჩინეთის კრიტიკას "უსამართლო" სავაჭრო პოლიტიკის გამო. ერთი დღით ადრე სამიტზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა გაცვალეს ბრალდებები ერთმანეთისთვის დაკისრებული გადასახადების გამო. პენსმა თქვა, ვაშინგტონი მზად არის "გააორმაგოს და კიდევ უფრო მეტადაც გაზარდოს" აშშ-ის გადასახადები, რომლებიც უკვე მოქმედებს ჩინეთის საქონელზე და დასძინა, ვაშინგტონი კურსიდან არ გადაუხვევს, სანამ ჩინეთი შეცვლის ქცევასო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG