გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი“ უწოდა საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ საფინანსო ორგანიზაციების მიმართ არსებული დავალიანება გაუნულდება „შავ სიაში“ მყოფ 600 ათასამდე მოქალაქეს.
„ჩვენ ვთავაზობთ საბანკო სისტემის ძირეულ რეფორმას და ე.წ. ქართული ოცნების ხელისუფლება კიდევ ცდილობს ის, რაც ხდება რუტინულად ყოველი წლის ბოლოს, გაასაღოს ინიციატივად. ბანკები ყოველი წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ ხოლმე უიმედო სესხებს. შარშან ჩამოწერეს 75 მილიონზე მეტი. არავითარი მილიარდნახევარი არ იქნება, დარწმუნებული იყავით ეს არის ტრიუკი, სასოწარკვეთილება და სხვა არაფერი. თუ ასე ზრუნავენ საქართველოს მოქალაქეებზე, არჩევნები რაღა შუაში იყო მაშინ?! არჩევნებამდე გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. ფული არ არისო რომ იძახდნენ, ახლა წაგების სუნი რომ დატრიალდა ჰაერში, ფულიც მოინახა და სურვილიც?! მაგრამ ეს არის სუფთა წყლის ბლეფი და რამენაირად თვითგადარჩენა",- უთხრა ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ.