ბრიუსელში გაემგზავრა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელძღვანელობს. მინისტრთა კაბინეტის წევრების სამუშაო ვიზიტი ორდღიანია.
21 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის თავმჯდომარეობით გაიმართება ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და ევროკომისრები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტისას მამუკა ბახტაძე მოლაპარაკებას გამართავს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარესთან, დონალდ ტუსკთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან. დაგეგმილია მათი ერთობლივი პრესკონფერენციაც.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ისინი ევროკომისრებთან გამართავენ თემატურ შეხვედრებს.