Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ავღანეთში მკვეთრად იკლო ოპიუმის წარმოებამ


ავღანეთში 29%-ით იკლო ოპიუმის წარმოებამ, რის მიზეზადაც, პირველ რიგში, ძლიერ გვალვას ასახელებენ. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის სააგენტოს ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ოპიუმის შემცირება (9000 ტონიდან 6400 ტონამდე) ემთხვევა სოფლის მეურნეობისათვის გამოყენებული მიწების შემცირებას.

ავღანეთში ოპიუმის კვლევამ, რომელიც ერთად ჩაატარეს გაეროს სააგენტომ და ავღანეთის ანტინარკოტიკულმა სამინისტრომ, დაადგინა, რომ მთლიანობაში 263 ათასი ჰექტარი იქნა გამოყენებული ოპიუმის მოსაყვანად, რაც 20%-ით ნაკლებია 2017 წელთან შედარებით. ანგარიშში გამოთქვამენ ასევე ვარაუდს, რომ ოპიუმის ფასის კლებამ - ფერმერებს კილოგრამში, საშუალოდ, 94 დოლარს უხდიან, რაც სარეკორდოდ დაბალი ფასია 2004 წლის შემდეგ - შესაძლოა, ასევე გამოიწვია ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანის შემცირება.

იკლო ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანის საწინააღმდეგო ზომების შედეგებმაც: 2018 წელს 406 ჰექტარზე შეწყდა ოპიუმის მოყვანა. შარშან ეს მაჩვენებელი 750 ჰექტარი იყო. ავღანეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ოპიუმის წარმოებით და განვლილ წლებში საერთაშორისო დონორებს მილიარდობით დოლარი აქვთ დახარჯული ანტინარკოტიკული ზომების დასაფინანსებლად.

XS
SM
MD
LG