Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED-ის ანგარიშის თანახმად, მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო გარემო გაუარესდა


„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) შუალედური ანგარიშის თანახმად, მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემო, პირველ ტურთან შედარებით, კიდევ უფრო მკვეთრი პოლარიზებით, ნეგატიური კამპანიითა და უფრო აგრესიული რიტორიკით ხასიათდება.

„პირველი ტურის დასრულებისთანავე, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა შემაშფოთებელი განცხადებები და პროგნოზები ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომისა და შესაძლო დესტაბილიზაციის საფრთხეების შესახებ. მოგვიანებით, სიცოცხლის ხელყოფის მუქარის შემცველი გზავნილების მიღების შესახებ განაცხადა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა. პირველ და მეორე ტურებს შორის მედია მკვეთრად პოლარიზებულია. მეორე ტურის დასაწყისში ტელეკომპანია იმედმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ „საგანგებო რეჟიმში“ გადასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მკვეთრად გამოხატავს ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერას“, - ნათქვამია წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში.

ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ზეწოლა/მუქარის - 40, საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მუქარის - 1, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების - 3, ფიზიკური დაპირისპირების - 5, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 13, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 14, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის - 2, სააგიტაციო მასალების დაზიანების - 6 და დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 შემთხვევა.

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში 21 ნოემბერს გამოაქვეყნა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) წარმოადგინა. დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG