უკრაინა აღნიშნავს დედაქალაქის ცენტრში, მაიდანზე საპროტესტო გამოსვლების დაწყების მე-5 წლისთავს. კიევში ტარდება სამგლოვიარო ცერემონია, ყვავილებით ამკობენ „ზეციური ასეულის გმირთა“ მემორიალს. დღესვე აქციის „გვახსოვს“ ფარგლებში იმართება სტუდენტთა მსვლელობა.
2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინაში დაიწყო საპროტესტო აქციები, რომელთაც მოგვიანებით „ღირსების რევოლუცია“ ეწოდა. დემონსტრანტები ხელისუფლებისაგან მოითხოვდნენ, რომ მას, დაპირებისამებრ, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე. საპროტესტო გამოსვლებს უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა მოჰყვა. დაპირისპირების მსვლელობაში დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი.
დემონსტრანტებისათვის ცეცხლის გახსნასთან კავშირში ადანაშაულებენ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელიც რევოლუციის შემდეგ რუსეთში გაიქცა.
2014 წლის 21 ნოემბრიდან უკრაინაში ოფიციალურად აღნიშნავენ ღირსებისა და თავისუფლების დღეს. ეს დღესასწაული ეძღვნება ნარინჯისფერ რევოლუციასაც, რომელიც 2004 წლის 21 ნოემბერს დაიწყო.