საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის თავმჯდომარეობით ბრიუსელში გაიმართა ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა. ის მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრაში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და ევროკომისრები მონაწილეობდნენ.
„დღევანდელი დღე მორიგი ნიშანსვეტია ჩვენს ურთიერთობებში“, განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „საქართველო არის ამაყი ქვეყანა, რომელიც მისი ხალხის სიმამაცესა და ამბიციებს ემყარება. საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება და მისწრაფება, განავითაროს ევროკავშირთან ურთიერთობები, აჩვენებს, რომ ჩვენი ურთიერთობები პრიორიტეტულია. დღეს შევთანხმდით იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ, ევროპის კომისიას, კონკრეტულად ვუპასუხოთ ამ ნაკისრ ვალდებულებას. რაც უფრო მეტად რეფორმირდება საქართველო, მით უფრო მეტი იქნება ჩვენგან დახმარება. თქვენ შეგიძლიათ ევროპის კავშირის იმედი იქონიოთ, რომ მას სჯერა საქართველოს მომავლისა, რომ ის მტკიცედ დაიცავს მის ტერიტორიულ მთლიანობას,“ თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
როგორც იუნკერმა აღნიშნა, 2014 წლიდან ევროკავშირმა საქართველოსთვის 90 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოყო. მან დასძინა, რომ ბრიუსელი უახლოეს მომავალშიც აპრირებს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების აღმოჩენას.