უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა ტელეპროგრამა „სხემიში“ ხუთშაბათს ნაჩვენებ რეპორტაჟს, რომელშიც მოყვანილია ჟურნალისტური გამოძიებით მოპოვებული ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირის, ვიქტორ მედვედჩუკის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრების შესახებ.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისა და ტელეარხ „უა: პირველის“ ერთობლივი პროექტი „სხემი“ ამ გადაცემაში სვამს შეკითხვას, „ვინ არიან ერთმანეთისათვის მედვედჩუკი და პოროშენკო: მტრები, თუ მოკავშირეები?“
ჟურნალისტურ გამოძიებაზე გამოხმაურებისას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ პოროშენკო მართლაც რამდენჯერმე შეხვდა მედვედჩუკს, მაგრამ არ ჰქონია და არც აპირებს ჰქონდეს მასთან რაიმე სახის საერთო ბიზნეს-ინტერესები. ხოლო შეხვედრები გაიმართა იმის გამო, რომ ჭიანურდებოდა რუსეთში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესი. პოროშენკოს ადმინისტრაციაში აღნიშნავენ ასევე, რომ პრეზიდენტი არ იზიარებს მედვედჩუკის იდეებსა და პოლიტიკურ განცხადებებს.
მედვედჩუკი მიჩნეულია პუტინის ახლობლად და კრემლის მთავარ რუპორად უკრაინაში. ის სათავეში უდგას მოძრაობას „უკრაინის არჩევანი-ხალხის უფლება“ და ეწინააღმდეგება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ კიევის მისწრაფებას.