Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა მოძრაობა: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქალთა გაძლიერების ქვაკუთხედია


25 ნოემბერს ქალთა მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკონომიკური გაძლიერების საჭიროებებსა და მნიშვნელობაზე. გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს.

"დღეს 25 ნოემბერია, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გაეროს 16 დღიანი კამპანიის პირველი დღე. ზუსტად ოთხი წლის წინ ქალთა მოძრაობამ პირველად გამართა დემონსტრაციები საქართევლოს 24 ქალაქში და მოითხოვა სისხლის სამართლის პოლიტიკის რადიკალური ცვლილება ქალთა დასაცავად. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაუმჯობესდა კანონმდებლობა, საქართველომ მოახდინა სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებადა დაცვის დეპარტამენტი, დაინერგა რისკების შეფასების ინსტრუმენტი, გაიხსნა კრიზისული ცენტრები. ყოველივე ზემოთხსენებული პოზიტიურად აისახა ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში. ქალთა დაცვის მიზნით განხორციელებული რეფორმები მისასალმებელია, თუმცა რეალური გენდერული თანასწორობის მისაღწევად და ქალთა გაძლიერებისთვის აუცილებელია ქალთა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება.

დღეს, 2018 წლის 25 ნოემბერს, ქალთა მოძრაობა დღის წესრიგში აყენებს ძალადობის მსხევრპლთა ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების საკითხს. მოქმედი კანონმდებლობით ძალადობის მსხერპლებს სახელმწიფო სთავაზობს ექვსთვიან თავშესაფარს, შემდეგ კი ეს ქალები თავისი შვილებითურთ პრაქტიკულად ქუჩაში რჩებიან. ხშირად ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელიც ეკონომიკურად არ არის გაძლიერებული და არ ჰყავს მხარდამჭერი ოჯახი, იძულებული ხდება დაბრუნდეს მოძალადის სახლში და თავი ჩაიგდოს საფრთხეში, რათა თავიდან აიცილოს სიღატაკე. ჩვენ მივმართავთ ადგილობრივ თვითმმართველობებს და მოვუწოდებთ, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა შეიმუშავოს გეგმა და გამოყოს საბიუჯეტო სახსრები, რათა უზრუნველყოს ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის ხელმისაწვდომი საცხოვრისი.

ჩვენ არ მოვითხოვთ თავშესაფრის გახანგრძლივებას ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და მათი შვილებისათვის, ჩვენ ვითხოვთ მათთვის იაფიან საცხოვრისზე ხელმისაწვდომობას და პროგრამებს, რომელიც ქალებს დაეხმარებათ დასაქმებაში, რათა გარკვეული დროის შემდეგ მათ დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი თავის რჩენა. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქალთა გაძლიერების ქვაკუთხედია.

მივმართავთ ადგილობრივ და ცენტრალური ხელისუფლებას, დაიწყონ ერთიანი პოლიტიკის შემუშავება ძალადობის მსხერპლი ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უკვე არსებობს კარგი პრაქტიკა, რომლის გაზიარებაც სასურველია. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ აღნიშნული პოლიტიკის შემუშავებაში, რათა უმოკლეს ვადებში გადაწყდეს ძალადობის მსხვერპლი ქალების მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა."

XS
SM
MD
LG