Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ანძის ნარინჯისფერი განათება ქალთა უფლებებს უკავშირდება


გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა. ამ სიმბოლური ჟესტით თბილისი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას კიდევ ერთხელ შეუერთდა. კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება.

კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას ღირსშესანიშნავი შენობებისა და ობიექტების ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებშიც სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს. 2016 წლიდან ამ ინიციატივას საქართველოს დედაქალაქიც შეუერთდა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს. წელს კამპანიის მთავარი აქცენტი სექსუალურ შევიწროებაზე კეთდება, რომელიც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და უთანასწორობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის 2017 წლის ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში სექსუალური შევიწროება ცხოვრების განმავლობაში 5-დან 1 ქალს გამოუცდია.

XS
SM
MD
LG