Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო რუსეთის ქმედებებზე საერთაშორისო თანამეგობრობის უმკაცრეს რეაგირებას ელოდება

პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს კოორდინირებული ნაბიჯები უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესაჩერებლად. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობისგან ელოდება უმკაცრეს რეაგირებას ქერჩის სრუტესთან მომხდარ ინციდენტზე და მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების გაძლიერებას. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მაიკ პომპეომ რუსეთის მიერ უკრაინული გემების დაკავებას უწოდა სერიოზული ესკალაცია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

25 ნოემბერს, ქერჩის სრუტესთან რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ სამხედრო გემს, რომლებიც შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ მიემართებოდნენ. კიევის ინფორმაციით, გემებზე იმყოფებოდა 23 მეზღვაური, რომელთაგან 6 დაჭრილია. უკრაინამ რუსეთის ქმედება აგრესიის აქტად შეაფასა და შეიარაღებულ ძალებში სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. თავის მხრივ, რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინულმა გემებმა დაარღვიეს საზღვარი და არ დაემორჩილნენ სახიფათო მანევრების შეწყვეტის მოთხოვნას, რის გამოც რუსი მესაზღვრეები იძულებულნი იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ. კიევი უარყოფს, რომ მისმა სამხედრო გემებმა ნაოსნობის საერთაშორისო წესები დაარღვიეს. 26 ნოემბერს საღამოს, უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას და 30 დღით გამოაცხადა საომარი მდგომარეობა.

XS
SM
MD
LG