Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგის შეფასებით, ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედება მისი ქცევის მოდელს ადასტურებს


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ნატომ რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ქერჩის სრუტესთან დატყვევებული უკრაინელი მეზღვაურები და სამხედრო გემები. „უკრაინული გემების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას გამართლება არ აქვს“ - განაცხადა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 26 ნოემბერს საღამოს, ბრიუსელში გაიმართა ნატო-უკრაინის კომისიის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განიხილეს ქერჩის სრუტეში 25 ნოემბერს მომხდარი ინციდენტი. სხდომის შემდეგ სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით, ის, რაც რუსეთმა ქერჩის სრუტეში გააკეთა, ადასტურებს მისი ქცევის მოდელს, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია აკვირდებიან. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ მის ქმედებებს შედეგები მომავალშიც მოჰყვება.

25 ნოემბერს, ქერჩის სრუტესთან რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ სამხედრო გემს, რომლებიც შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ მიემართებოდნენ. კიევის ინფორმაციით, გემებზე იმყოფებოდა 23 მეზღვაური, რომელთაგან 6 დაჭრილია. უკრაინამ რუსეთის ქმედება აგრესიის აქტად შეაფასა და შეიარაღებულ ძალებში სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. თავის მხრივ, რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინულმა გემებმა დაარღვიეს საზღვარი და არ დაემორჩილნენ სახიფათო მანევრების შეწყვეტის მოთხოვნას, რის გამოც რუსი მესაზღვრეები იძულებულნი იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ. კიევი უარყოფს, რომ მისმა სამხედრო გემებმა ნაოსნობის საერთაშორისო წესები დაარღვიეს. 26 ნოემბერს საღამოს, უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას და 30 დღით გამოაცხადა საომარი მდგომარეობა.

XS
SM
MD
LG