Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო საქართველოსა და უკრაინასთან ერთად განიხილავს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ორ უახლოეს პარტნიორთან, უკრაინასა და საქართველოსთან ერთად მუშაობს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. 26 ნოემბერს საღამოს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ეხებოდა ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ უკრაინული სამხედრო გემების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას, სტოლტენბერგს ჰკითხეს, რას აკეთებს ნატო შავი ზღვის რეგიონში პოზიციების გასამყარებლად. გენერალური მდივნის თქმით, ალიანსმა რეგიონში გაზარდა როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო ძალები. სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონში წევრი ქვეყნების - რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გარდა, ნატოს ჰყავს ორი ძალიან ახლო პარტნიორი - საქართველო და უკრაინა, რომლებთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ინფორმაციით, მომავალ კვირაში ბრიუსელში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება შავი ზღვის უსაფრთხოება.

XS
SM
MD
LG