უნგრეთმა აშშ-ს უარი უთხრა იარაღით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ორი რუსის ექსტრადიციაზე და ისინი რუსეთს გადასცა. ამის შესახებ 27 ნოემბერს განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჰიზერ ნოიერტმა.
როგორც მან აღნიშნა, აშშ „იმედგაცრუებულია“ უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით რუსეთისთვის მამა-შვილი ლიუბიშინების გადაცემის შესახებ.
ეს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უნგრეთის ერთგულებას მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობის მიმართ, განაცხადა ნოიერტმა. მისი თქმით, ნათელი არ არის, მოელით თუ არა ლიუბიშინებს რუსეთში გასამართლება.
განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როდის დააკავეს ლუბიშინები, ან როდის გადასცეს ისინი მოსკოვს.