Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაჯიმბა: რუსეთი აფხაზეთში ახალ ციხეს ააშენებს


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ სოხუმში ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს მოუთხრო 21 ნოემბერს, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი შეხვედრის დეტალები. კერძოდ, ხაჯიმბას თქმით, სხვა საკითხებს შორის შეხვედრაზე განიხილეს "აფხაზეთის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა" და ასევე იმსჯელეს საბანკო სისტემაში არსებულ პრობლემებზე. "ჩვენ შესაბამის და საკმაოდ სერიოზულ მხარდაჭერას აღმოგვიჩენენ. ეს არ არის კრედიტი, არამედ სახელმწიფოსთვის გაწეული შესაბამისი დახმარება, რათა საბანკო სისტემა სტაბილური იყოს. საუბარია დაახლოებით ნახევარ მილიარდ რუბლზე" - განაცხადა ხაჯიმბამ. მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს რუსეთის მიერ აფხაზეთში ციხის ახალი შენობის აშენებაზე, რაც დიდი ხანია იგეგმება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის წარმომადგენლები ამ საქმეს დღე-დღეზე დაიწყებენ.

კითხვას, დააყენა თუ არა ვლადიმირ პუტინმა შეხვედრაზე აფხაზეთში რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები, ხაჯიმბამ უპასუხა: "მაშინაც კი, თუკი ეს საკითხები არ არის წამოყენებული, ისინი ყოველთვის არსებობს. ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი, ნორმალური მოვლენაა. რუსეთის ინტერესები თუ არ იქნება, აქ სხვა სახელმწიფოების ინტერესები იქნება". თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ პუტინთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს "საზღვრების უსაფრთხოება". მისი თქმით, "იმის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში ხდება, საქართველოს და უკრაინის მოქმედებებით, ნატოში გაწევრიანების საკითხით, ყოველივე ეს ჩვენ და რუსეთის ფედერაციას უნდა გვაშფოთებდეს" - განაცხადა ხაჯიმბამ. რუსეთმა 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან მალევე განაცხადა, რომ აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის სუვერენიტეტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG