"ეს სიები ჩვენს აგიტატორებს აქვთ აბსოლუტურად კანონიერად. საარჩევნო სიები ფოტოებით ხელმისაწვდომია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ეს არის კანონით გარანტირებული თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბნებთან ფოტოსურათებიანი სიებით მყოფი აგიტატორების შესახებ საუბრისას.
საარჩევნო უბანთან ასეთი სიებით ყოფნა პრობლემურად მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების დირექტორს, მიხეილ ბენიძეს. მისი აზრით, ესაა ნეგატიური ტენდენცია, რომლის მიზანია ამომრჩევლის ნების კონტროლი.
ფოტოებიანი საარჩევნო სიებით “ქართული ოცნების” აგიტატორები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დილიდან იმყოფებიან. ისინი, სავარაუდოდ, ამომრჩეველს აღრიცხავენ.