ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, 20:00 საათზე გახდება ცნობილი.
„რუსთავი 2“-ის შეკვეთით საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლების გამოკითხვას ამერიკული კომპანია Edison Research-ი ასრულებს, ტელეკომპანია „იმედისთვის“ კი - Gallup International-ი. მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე კომპანიებმა გამოაქვეყნეს პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგები.
Gallup International-ის კვლევით, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 52 % უჭერს მხარს, გრიგოლ ვაშაძეს კი - 48 %. Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს? – 37 %-მა უპასუხა, რომ ხმას გრიგოლ ვაშაძეს მისცემდა, 35 %-მა კი ფავორიტ კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი დაასახელა. რესპონდენტთა დარჩენილი ნაწილი ან გადაუწყვეტელია, ან არც ერთ მათგანს აძლევს ხმას, თუმცა გადაუწყვეტელი და უარის მთქმელი პასუხების ჩამოცილების შემთხვევაში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს 52%-იანი მხარდაჭერა აქვს, სალომე ზურაბიშვილს კი – 48 % უჭერს მხარს.