Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ უთხრა მკაფიო უარი სიცრუეს და სიძულვილს


„ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ უთხრა მკაფიო და ხმამაღალი უარის სიცრუეს, სიძულვილს, ძალადობას და მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც ადამიანი უზენაესი ღირებულებაა და მისი ღირსების დაცვა კი უმთავრესი პრიორიტეტი“, - ასე გამოეხმაურა ეგზიტპოლების შედეგებს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, თბილისის მერი. მისი თქმით, ეს იყო არჩევნები, რომელზეც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ მიანიჭა მათ მანდატი, რათა გააგრძელონ მუშაობა ქვეყნის საკეთილდღეოდ, ეკონომიკის განსავითარებლად, ადამიანების სოციალური დაცვის გარანტიების გასაუმჯობესებლად და ქვეყნის საგარეო პოზიციების გასაძლიერებლად.

საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, 20:00 საათზე, ორი ტელეკომპანიის, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა. ორივე ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

"რუსთავი 2"-მა გამოაცხადა 17:00 საათისთვის არსებული მონაცემები, რომელთა თანახმად ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ, დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმების 55 პროცენტი ერგო, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს - 45 პროცენტი. ტელეკომპანია "იმედმა" გაასაჯაროვა ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ზურაბიშვილს ხმების 58 პროცენტი აქვს, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 42 პროცენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG