Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი სენატორი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგს ზომიერად პოზიტიურს უწოდებს


კონსტანტინ კოსაჩოვი
კონსტანტინ კოსაჩოვი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, კონსტანტინ კოსაჩოვს იმედი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ აღდგება დიალოგი მოსკოვსა და თბილისს შორის - ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება. ამასთან, კოსაჩოვის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ მკვეთრ ცვლილებებს არ ელოდება. „თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი და პრაგმატული პოლიტიკოსია, მინდა იმედი მქონდეს, რომ მინიმუმ არ შემცირდება სივრცე დიალოგისთვის, ხოლო უკეთესი იქნება თუ გაიზრდება“ - უთხრა "ტასს" კოსაჩოვმა. მისი თქმით, დიალოგი ორივე ქვეყნის, ხალხის, ბიზნესის და მთლიანად რეგიონის ინტერესებშია. „საქართველოში არჩევნების შედეგი შესაძლოა ჩავთვალოთ ზომიერად პოზიტიურად. უარესი ნამდვილად არ იქნება“ - განაცხადა რუსმა სენატორმა. კოსაჩოვი ამბობს, რომ რუსეთში განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდნენ არჩევნებს მეზობელ ქვეყანაში, რომელიც „კვლავ ძალიან ახლობელია, მაგრამ სამწუხაროდ ახლა მეგობრული არ არის.“

კოსაჩოვის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი ზურაბიშვილის გამარჯვება საქართველოსთვის პირველ ყოვლისა, ნიშნავს სტაბილურობას. „ბოლო პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიღწეული იყო საკმაოდ სასტიკ, კონფრონტაციულ ბრძოლაში, რომელშიც ჩაერია შერისხული მიხეილ სააკაშვილი“ - განაცხადა კოსაჩოვმა. მისივე თქმით, სააკაშვილს პირადი ინტერესი ჰქონდა, რადგან მას ზურაბიშვილმა ბრალად დასდო რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართული სოფლის დაბომბვა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და „ბრალდებით მიმართა ჰააგის ტრიბუნალსაც კი.“ კოსაჩოვის განცხადებითვე, პრეზიდენტის პოზიციაზე ასეთი ხისტი ოპონენტის ყოფნა აშკარად გადაავადებს ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის სრულფასოვან დაბრუნებას, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობს, ამისკენ ჩვეული არადემოკრატიული გზით მიდის და ხალხს პროტესტისკენ, არმიას კი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. ამათან, რუსი სენატორის განცხადებით, ძალა აჩვენეს ხელისუფლების ოპონენტებმაც, ამიტომ "პოლიტიკური განხეთქილების განცდა კვლავ აქტუალურია, საქართველოს მოქალაქეთა ცნობილი ემოციურობის გათვალისწინებით კი გამორიცხული არ არის, რომ დაპირისპირება ქუჩის ფორმატით გაგრძელდეს."

XS
SM
MD
LG