არჩევნებში გამარჯვებული საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და სინოდის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრა პატრიარქის ინიციატივით შედგა.
„ამ დილით პატრიარქი იყო პირველი, რომელმაც მომილოცა გამარჯვება და მომიწვია აქ, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა სინოდის დიდი ნაწილი. ეს ჩემთვის იყო არა მხოლოდ დიდი პატივი, ეს იყო ის მომენტი, როდესაც მე ვიგრძენი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. მქონდა საუბარი პატრიარქთან და სინოდის წევრებთან, როგორც საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს. ჩვენ განვიხილეთ, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი, რა აირჩია საქართველოს საზოგადოებამ... პასუხისმგებლობით აირჩია, იმიტომ, რომ მისმა აქტიურობამ ეს დაადასტურა... აირჩია სიმშვიდე, აირჩია მშვიდობიანი მომავალი და ეს არის, მე პირადად რაზედაც ვარ პასუხისმგებელი, რაზედაც ვიმუშავებთ მთელი ჩვენი ძალღონით და ამ პირობას ვდებ დღეს თქვენ წინაშეც, რომ მე ვიქნები მოწოდებული, რომ რაც შეიძლება უფრო მშვიდობიანი, უფრო განვითარებული გახდეს ჩვენი ქვეყანა“, - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ.