Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო დამკვირვებლები: ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის წაშლილი იყო


საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნით, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, თუმცა ერთი მხარე საფუძველს მოკლებული უპირატესობით სარგებლობდა, წინასაარჩევნო კამპანიას კი ჰქონდა ნეგატიური ხასიათი, რამაც საბოლოოდ ზიანი მიაყენა პროცესს. დამკვირვებლების შეფასებით, სახეზე იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ზრდა და პარტიასა და სახელმწიფოს შორის გამიჯვნის ნაკლებობა, რამაც ასევე მოახდინა გავლენა კენჭისყრის პროცესზე. ამ კონტექსტში დამკვირვებლებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი მთავრობის განცხადებას 600 000 მოქალაქისთვის საბანკო ვალების ჩამოწერის შესახებ. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, როცა ამ ინიციატივის შესრულების ვალდებულებას სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარის კუთვნილებაში არსებული ინტიტუცია იღებს, შეიძლება ეს ხმების მოსყიდვის ფაქტად ჩაითვალოს.

მისია, რომელიც ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპარლამენტის (EP) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წარმომადგენლებისგან შედგება, დასკვნას საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ორ თვეში გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG