ქუთაისში, ცენტრალურ ბულვარში ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა ახალგაზრდა კაცს, რომელიც მსუბუქად დაშავდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერმა ქარმა ქუთაისში სახურავი გადახადა #6 საჯარო სკოლას, რის გამოც შეწყდა სასწავლო პროცესი. დაინგრა წერეთლის ქუჩის N29-ში მდებარე შენობის მეოთხე სართულზე აგებული კონსტრუქცია.
სტიქიამ დააზიანა ელექტროქსელიც. რამდენიმე ქუჩაზე ჩამოყრილია ელექტროსადენები. პუშკინის ქუჩაზე, მრავალსართულიანი სახლიდან ჩამოიშალა პარაპეტის კონსტრუქციები.
ქალაქის ძველ უბნებში შენობის სახურავებიდან დამსხვრეული შიფერის ნაწილები, ხეებიდან კი მოტეხილი ტოტები ცვივა. ძლიერმა ქარმა ასევე წააქცია ხე ახალგაზრდობის გამზირზე. დაზიანებულია სარეკლამო ბანერებიც.