Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ათაბეგაშვილი: „შესაძლო ჩხუბის დეტალებს სპეციალური კომისია შეისწავლის“


საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ეროვნული ნაკრების წევრ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე აღმასკომი შეკრიბა. ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა აღმასკომის წევრებთან და ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელთან - ანზორ თენაძესთან დახურულ კარს მიღმა ისაუბრა. შემდეგ კი განაცხადა, რომ შესაძლო ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სპეციალური კომისია იმსჯელებს, რომლის შემადგენლობაც უახლოეს დღეებში დაკომპლექტდება.

წინასწარი ინფორმაციით, კომისიაში ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრებთან ერთად იმუშავებენ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და პარლამენტის სპორტის კომიტეტის წარმომადგენლები, ვეტერანი სპორტსმენები და ჟურნალისტები.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს შორის ხელჩართული ჩხუბის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა. სპორტსმენებთან დაახლოებული ადამიანებისა და თავად სპორტსმენების მონათხრობით, ინციდენტი იაპონიაში მოხდა, ოსაკას „გრან სლემის“ მიმდინარეობისას და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ჩხუბის დროს მიღებული ტრავმების გამო ვეღარ შეძლო შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება.

თავად შავდათუაშვილმა ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ხმებს დეზინფორმაცია უწოდა. ანალოგიური რეაქცია ჰქონდა თავიდან ძიუდოს ფედერაციასაც, მაგრამ მოგვიანებით პოზიცია შეიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG