იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, სახურავი ნაწილობრივ ან მთლიანად გადახადა ათობით სახლს. სამინისტროს ცნობით, მათი წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად სტიქიის სამივე რეგიონში მუშაობენ.
"ფაქტობრივად დასრულებულია ზარალის დადგენის სამუშაოები. რამდენიმე დაზიანებული ობიექტის აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს იმერეთსა და სამეგრელოში. პარალელურად ხდება საჭირო მასალის მობილიზება და მიწოდება მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელმაც გამოთქვა სურვილი სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები თავად აწარმოოს. ასევე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაზის მიწოდება სრულად აღდგენილია და გრძელდება სამუშაოები ელექტროენერგიის სრულად აღსადგენად“, -ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.