Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მან 2 დეკემბერს სპეცოპერაცია ჩაატარა თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმროებში, “გურუსა“ და “ალიანსში“. შშს-ს თანახმად, დაკავებული არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.

შსს აცხადებს, რომ სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

„ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს, არის თუ არა კავშირში დაკავებული უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, სპეცოპერაციისას დაჭერილი არიან ადამიანები, ვინც არ არიან ჩამოსული ტურისტებად.

“ფაქტია, რომ ეს არის სპეციალური, გაწვრთნილი მებრძოლები, შესაბამისი იარაღით და მასალებით. ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოებამ უნდა გააკეთონ შესაბამისი განცხადება. ვფიქრობ, მათი ჩამოსვლა დაკავშირებულია იმ მიტინგებთან, რასაც აანონსებს მიხეილ სააკაშვილი და ეს ე.წ. ლიდერები, რომლებიც დღეს რუსთაველზე არიან შეკრებილი. ბევრმა მათგანმა დარწმუნებული ვარ ამის შესახებ არ იცის“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

შსს-ს სპეცოპერაციას და თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციასთან მის შესაძლო კავშირს გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია:

„ბუნებრივია, საეჭვო გარემოებაა, რა კავშირი აქვს მათ ჩამოსვლას ამ დაგეგმილ აქციასთან და იმ პროვოკაციებთან, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აპირებდა და შეიძლება კიდევ აქვთ ეს განზრახვა, ამიტომ, ეს კითხვები არის და პასუხი სჭირდება“, - განაცხადა ბესელიამ.

XS
SM
MD
LG