საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრს, ედუარდ ფილიპს დაავალა შეხვედრა საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან და „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო მოძრაობის აქტივისტებთან. მესამე კვირაა ათასობით ადამიანი, რომლებსაც ყვითელი ჟილეტები აცვიათ, საპროტესტო აქციებს მართავენ საწვავის გაძვირების გამო. დემონსტრანტები საწვავის გაიაფების გარდა მოითხოვენ გადასახადების შემცირებას და მინიმალური ხელფასის გაზრდას. მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბენჟამენ გრივომ რადიოსადგურ „ევროპა 1“-ს განუცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობა დიალოგისთვის გახსნილია, თუმცა, კურსის შეცვლას არ აპირებს. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს პარიზის მერი ანა იდალგოც. ამასთან, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შსს-ს დაავალა სამართალდამცავი სტრუქტურები მოამზადოს შემდგომი საპროტესტო აქციებისთვის. გასულ შაბათ-კვირას, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქცია გადაიზარდა მასობრივ არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებაში. დაშავდა 130-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 23 პოლიციელი. დაკავებულია აქციის 400-ზე მეტი მონაწილე. დემონსტრანტებმა ჩაამსხვრიეს ვიტრინები და დაწვეს ავტომობილები. მასობრივი არეულობის დროს დაზიანდა საქართველოს საელჩოს ავტომანქანაც.
საფრანგეთის ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ფილიპ ბელავალის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა დააზიანეს პარიზის ერთ-ერთი სიმბოლო - ტრიუმფალური თაღი. ბელავალმა „ფიგაროს“ განუცხადა, რომ ვანდალებმა შეაღწიეს ტრიუმფალური თაღის მუზეუმში, თავი მოამტვრიეს ნაპოლეონის მარმარილოს ქანდაკებას, დაამსხვრიეს 30-იანი წლების სკულპტურა და ინტერიერი საღებავებით მოსვარეს.