გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას 16 დეკემბრამდე აძლევს ვადას მოლაპარაკებების დასაწყებად. როგორც ოპოზიციური გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას მოუწევს ანგარიშის გაწევა იმ ადამიანებისთვის, ვინც აქციებზე გამოვა და მათი რაოდენობა 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი იქნება, იმასთან შედარებით, რა რაოდენობის ხალხიც მივიდა 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე.
„ჩვენ ვართ აბსოლუტურად კონსტრუქციულები ამ შემოთავაზებაში და ამ წინადადებაში. მივმართავთ კიდევ ერთხელ „ქართულ ოცნებას“ და მათ ლიდერებს, ასეთივე კონსტრუქციულ ნაბიჯს ველით თქვენგან. ის სისულელე, თქვენ რომ ამბობთ - არეულობები, დესტაბილიზაცია - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აგერ არის ფაქტები, როგორც ვიქცევით ჩვენ და შესაბამისად, ველოდებით პასუხს თქვენგან“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს, შექმნას სამუშაო ჯგუფი სამოქალაქო საზოგადოების მეთვალყურეობით, რათა კონსტიტუციურად, სამართლებრივად წარიმართოს ერთობლივი მუშაობა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. გაერთიანებული ოპოზიცია არალეგიტიმურად მიიჩნევს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და მოითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების ჩატარებას პროპორციული ან რეგიონალურ-პროპორციული სისტემით და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის შეცვლას.