Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელები 41-ე პრეზიდენტს ემშვიდობებიან


აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი უფროსი ჯორჯ ბუში
აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი უფროსი ჯორჯ ბუში

აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის, უფროსი ჯორჯ ბუშის ცხედარი ტეხასის შტატიდან გადაასვენეს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის როტონდაში, სადაც ამერიკელები ყოფილ პრეზიდენტს ემშვიდობებიან. 3 დეკემბერს, სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ მელანიამ, ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებმა. სენატში რესპუბლიკელების უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ამერიკა არა მხოლოდ გლოვობს, არამედ მადლიერია 41-ე პრეზიდენტის მიერ განვლილი კარგი ცხოვრების და პატიოსნად შესრულებული მოვალეობისთვის.

უფროსი ჯორჯ ბუში 30 ნოემბერს, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი 94 წლის იყო. მისი ცხედარი ტეხასიდან ვაშინგტონში გადაასვენეს სამხედრო თვითმფრინავით, რომლის ეკიპაჟს პრეზიდენტმა ტრამპმა დაავალა „41-ე სპეციალური საჰაერო მისიის შესრულება.“ თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ უფროსი ჯორჯ ბუშის შვილები, აშშ-ის 43-ე პრეზიდენტი უმცროსი ჯორ ბუში და ნილ ბუში ოჯახებთან ერთად.

41-ე პრეზიდენტთან გამოთხოვების დახურული ცერემონია 5 დეკემბერს გაიმართება ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში, შემდეგ კი ცხედარს კვლავ ჰიუსტონში გადაასვენებენ. 5 დეკემბერი აშშ-ში გლოვის დღედაა გამოცხადებული. უფროს ჯორჯ ბუშს 6 დეკემბერს დაკრძალავენ ჰიუსტონის საპრეზიდენტო ბიბილიოთეკის ეზოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG