Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში უბნის ინსპექტორებს მართლწესრიგის ოფიცრები ცვლიან


შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მართლწესრიგის ოფიცრებთან ერთად
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მართლწესრიგის ოფიცრებთან ერთად

დღეიდან თბილისში მუშაობა დაიწყეს მართლწესრიგის ოფიცრებმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი კრიმინალური პოლიციის ახალი დანაყოფია, რომელმაც ეტაპობრივად, სრულად უნდა ჩაანაცვლოს კრიმინალური პოლიციის საუბნო მიმართულება და უბნის ინსპექტორის მოძველებული ინსტიტუტი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს სისტემური განახლების რეფორმა და თქვენ ხართ პირველი რეალური, პრაქტიკული ნაბიჯი ამ რეფორმის განხორციელებაში. თქვენი ფუნქცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც გახლავთ, ვიზრუნოთ თითოეულ ჩვენ მოქალაქეზე" - მიმართა მართლწესრიგის ოფიცრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, მართლწესრიგის ოფიცრებმა უნდა აღადგინონ და გაამყარონ ნდობა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის, იზრუნონ მოქალაქეებზე და უზრუნველყონ პრევენცია დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

შსს-ს ინფორმაციით, ოფიცრების შერჩევა მოხდა მოქმედი თანამშრომლებიდან, რომლებმაც რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს და დღეიდან მუშაობა დაიწყეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში. შსს-ს ცნობითვე, პარალელურად, ღია კონკურსის მეშვეობით მართლწესრიგის ოფიცრების ვაკანსიებზე მოსახლეობიდან შეირჩა კანდიდატები, რომლებიც ამჟამად ინტენსიურ სწავლებას და მომზადებას გადიან. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ეტაპობრივად, ჯერ თბილისის მასშტაბით ყველა უბანში, შემდეგ კი მთელ საქართველოში დაინერგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG