Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2019 წლიდან ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყება


"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები ქუთაისის მერიაში მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ საუბრობენ. მათივე ინფორმაციით, რეორგანიზაცია როგორც რიგით თანამშრომლებს, ასევე, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირებსაც შეეხება და ეს პროცესი 2019 წლიდან დაიწყება.

"ხელისუფლება მორიგ სადამსჯელო ოპერაციას იწყებს. დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები და ხელისუფლება სადამსჯელო ოპერაციას იმ ჩინოვნიკების მიმართ დაიწყებს, ვინც საარჩევნო კამპანიაში სათანადოდ არ იყვნენ ჩართულნი. ის პირები კი, ვინც სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებაში ეხმარებოდნენ, წახალისებული იქნებიან,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა დავით გოგისვანიძემ.

ოპოზიციის განცხადებით, რეორგანიზაცია მერიაში ნამდვილად არის ჩასატარებელი, თუმცა, ისე, რომ მერიისა და საკრებულოს სტრუქტურა ქალაქის ინტერესებს ემსახურებოდეს. მათივე თქმით, რეორგანიზაცია მერიაში სამართლიანი კონკურსის წესით უნდა განხორციელდეს.

ქუთაისის მერიაში ადასტურებენ ინფორმაციას რეორგანიზაციის თაობაზე და აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის პროცესი სამსახურების ოპტიმიზაციის მიზნით დაიწყო. თვითმმართველობაში კი განმარტავენ, რომ თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით არ გაათავისუფლებენ.

„2018 წლის დასაწყისში მერიაში რეორგანიზაცია ჩატარდა, რომლის შედეგად დამტკიცდა მერიის ახალი სტრუქტურა. თუმცა, მერიისა და მისი სამსახურების გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მოხდეს სტრუქტურის მეტად ოპტიმიზაცია. განხორციელდება თუ არა შტატების შემცირება, ჯერჯერობით უცნობია, ამის თაობაზე წინადადებები უნდა მოამზადონ სამსახურების უფროსებმა“, - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

XS
SM
MD
LG