Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის სასამართლომ ენმ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა


ზუგდიდის რაიონული სასამართლო
ზუგდიდის რაიონული სასამართლო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი 18 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ. შესაბამისი საჩივრით სასამართლოს პარტიის ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ მიმართა. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით სრულად გაიზიარა მოპასუხე მხარის, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის პოზიცია, რომ პარტიამ სარჩელის შეტანის ვადები და პირობები დაარღვია. მანამდე სწორედ ამ მიზეზით არ განიხილა თავად კომისიამ ეს სარჩელი.

საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტებმა დღეს სხდომაზე აღნიშნეს, რომ ენმ-ის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზევე უნდა დაეწერათ შესაბამისი საჩივარი, რეალურად კი 18 უბნიდან არცერთში არ აქვთ მსგავსი პრეტენზია დაფიქსირებული.მოსარჩელეების პრეტენზიის საპასუხოდ, რომ მათი დამკვირვებლები უბნებიდან გააძევეს და არ მიეცათ საჩივრის დაწერის შესაძლებლობა, საოლქო კომისიის იურისტმა ასმათ ბერაიამ აღნიშნა, რომ უბანზე ხელის შეშლის შემთხვევაში მათ წარმომადგენლებს შესაბამისი საჩივრით საოლქო კომისიისთვის უნდა მიემართათ, რაც ასევე არ გააკეთეს.

ანა წითლიძის განმარტებით, სარჩელში მოყვანილი 18 უბნის ბათილი ხმების გადასინჯვა გავლენას იქონიებდა ზუგდიდში არჩევნების საბოლოო შედეგზე, რადგან დარწმუნებულია, რომ „ტოტალური გაყალბება“ სხვა მეთოდების პარალელურად მმართველი გუნდისთვის არასასურველი ბიულეტენების გაბათილებითაც მოხდა. წითლიძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში საერთო ჯამში 1 500-ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა, რაც ძალიან დიდი ციფრია, მით უმეტეს მაშინ, როცა სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს მხოლოდ 500 ხმით მოუგო.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ საპასუხოდ განმარტა, რომ ის ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG